ფშაური კილო აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ე.წ. ფხოური ჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია. როგორც მისი პირველი მკვლევარი ა. შანიძე აღნიშნავდა, "ფშაურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა". მეცნიერის ეს რამდენიმე ათეული წლის წინ თქმული სრულიად შეეფერება ფშაურის დღევანდელ ვითარებას. ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის ბარისა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული მიგრაციების წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - თუშურს, ხევსურულს და მოხეურს. ასე რომ, მას თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური თავისებურებებით შუალედური მდგომარეობა უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთის დიალექტებს შორის.
ფშაურმა კილომ ქართველი საზოგადოების ყურადღება ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო, მათს შემოქმედებაში ფშაური დიალექტური ფორმების უხვმა და პრინციპულმა ხმარებამ მკითხველთა თუ კრიტიკოსთა მკვეთრი (ძირითადად უარყოფითი) რეაქცია გამოიწვია. შეიძლება გავიხსენოთ აკაკი წერეთლის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მაგრამ ფშაური დიალექტის მეცნიერული შესწავლა პირველად აკაკი შანიძემ დაიწყო.
- ვახუშტი ბაგრატიონი ფშავლებს ასე ახასიათებს:
”ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიად" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ. ფშაველი ქალი თამამია, მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს "ჩემს ძმას": "ვაჰმე, ჩემო ძმაო." ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...".
ფშავი მდიდარია მცენარეულობით და მთელი მისი მიდამო შუაფხომდე შემოსილია ხშირ ფოთლოვანი ტყით. პირმზეში იზრდება: მუხა, იფანი და რცხილა. პირჩრდილში: წიფელი და თელა. მთის მწვერვალზე არყია. ტყის ჯიშებში სჭარბობს: მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი და რცხილა. უთხოვარი დაცულია კაწალხევის ტყეში, რომლის მოჭრა აკრძალულია. ფიჭვი იზრდება კუდოს ტყეში (მაღაროს ზემო). მრავალია ტყის მსხალი, ვაშლი და თხილი. იზრდება და ხარობს კაკლის ხეც. ორწყალ-ზემო ფშავის არაგვის სათავისა და კავკასიონის ქედის მიმართებით ტყე თანდათანობით მცირდება, ის ბუჩქნარზე გადადის და მწვერვალებზე ალპიურ მდელოს ხალით იცვლება, სადაც ფართო სათიბები და საძოვრებია. ასეთი იალაღებით მდიდარია უკანაფშავის თემი, რომელიც უმთავრესად მესაქონლეობას მისდევს. ფშავის მიდამოში ბუდობენ:
- ფრინველები: არწივი, ორბი, შავარდენი, როჭო, სოვი (სვავი), ქორი, ძერა, ყოვი (ყვავი), ჭკა (ყორანი), მწყერი, გვირილა, ქერონა ჩიტი (ბეღურა), ღობემძვრალა, ბოლოცეცხლა, სახნაურა, მერცხალი, მწივანა, გუგული, ოფოფი, ცხიკვი (ჩხიკვი), შაშვი, შინტლინკა, წიპრანა, პრანწია.
- ნადირი: მგელი, დათვი, მელია, კურდღელი, მაჩვი, კინდოლი, ჯიხვი, ფსიტი, შველი, ჟღაბი (ზღარბი), ციყვი და სხვა.
- ქვეწარმავლები: გველი შხამიანი და უშხამო, ფსლიკვი (ხვლიკი), თაგვი, ბაყაყი და სხვა.
- თევზები: კალმახი, ორაგული, ფიჩხული და მურწა.
ფშავის მთავარი მდინარე არაგვია, რომელშიაც იწურებიან ფშავის კავკასიონის
მაღალ და დახრამულ მწვერვალებიდან გადმონახეთქი ნაკადები. ფშავის არაგვის სათავე ბოთანა-ბორბალოშია (3,135მ), რომელიც უმთავრესად შედგება სამი შენაკადისაგან: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგოჩარის ხევი. კავკასიონიდან დაქანებული არაგვი უკანაფშავიდან თანდათანობით დავაკებით მიმდინარეობს და აქ მას უერთდება წაწადა და ვარეულა ახადთან, მათურხეულა (მათურის წყალი) დამასტესთან და ნაროულა და თეთრახევა შუაფხოსთან.
აღმოსავლეთიდან მომდინარე ფშავის არაგვი შუაფხოდან 7 კილომეტრის დაშორებით უხვევს სამხრეთით და აქ ის უერთდება ხევსურეთის არაგვს "ხევსურულა"-ს, სადაც იქმნება ეგრე წოდებული "ორწყალი" (ფშავ-ხევსურეთის არაგვი).
საიტი ფშავის შესახებ www.pshavi.iliauni.edu.ge და www.pshavi.ge
საიტი ფშავის შესახებ www.pshavi.iliauni.edu.ge და www.pshavi.ge
No comments:
Post a Comment